ვისაც ვანდობდი დირექტორის პოსტს, ის აქ მუშაობს - აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი 

20 აპრილი 2019, 00:00 1963 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, დღეს აცხადებს, რომ დირექტორის პოსტს იმ ადამიანს ანდობს, რომელიც ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. 

განცხადება გიგა ჩხარტიშვილმა "მთავარი აჭარაში" ჟურნალისტის ლაშა ზარგინავას კითხვის საპასუხოდ გააკეთა - დაუჭერდა თუ არა მხარს თორნიკე მჟავანაძის კანდიდატურას, რომელიც "გაზეთ ბათუმელების" ინფორმაციით, შესაძლოა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩიონ. 

მაუწყებლის მრჩეველმა თქვა, რომ ის ჭორაობას ვერ დაიწყებდა, თუმცა დირექტორის პოსტზე მისი ფავორიტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი თანამშრომელია. 

"წინმსწრებად გეტყვით,არ ვიცი ახლა, არავის უფლებას არ ვარღვევ და ყველა თანაბარი იქნება კონკურსის დროს, თუმცა ის ადამიანი, რომელიც მე მგონია რომ ყველაზე მეტად მიედრება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს, მუშაობს აი ამ შენობაში.  ვერ ვიტყვი, რომ ის არის კონკურსანტი, ვამბობ რომ მე ვისაც ვანდობდი ამ გადაწყვეტილებას ის აქ არის... სხვა დეტალებს მე ვერ გეტყვით" - განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.  

გადაცემის დასაწყისში კი გიგო ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების დღე ძალიან ემოციური იყო მისთვის და სრული ნდობა გამოუცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ მოადგილეს ნათია ზოიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა.  

"ძალიან ემოციური იყო გუშინდელი გადაწყვეტილება, პერსონალურად იყო ემოციური, სხვადასხვა მიზეზის გამო და ახლა მინდა ნათია ზოიძეს გამოვუცხადოთ სრული მხარდაჭერა, მოადგილეს, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ამაში საბჭო იქნება ერთსულოვანი, ამაში დარწმუნებული ვარ. ნათია ზოიძე კარგად ნაცნობი კადრია მაუწყებლისთვის, მან იცის ტელევიზია და კარგად გაართმევს თავს არსებულ გამოწვევებს" - განაცხადა მრჩეველმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი