ეს პროცესები იძლევა სახიფათო სიგნალებს და შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ კონტექსტს - სახალხო დამცველი

12 აპრილი 2019, 00:00 1485 ნახვა

ძალიან ხელოვნური მიმაჩნია ის არგუმენტები, თითქოს ეს ტელევიზია არ ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრიორიტეტებს, ეს არის ფორმალური არგუმენტები მოყვანილი იმისთვის, რომ დემონსტრაციულად მოხდეს დირექტორის დასჯა, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნის საკითხს.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნა იძლევა სახიფათო სიგნალებს და შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს პოლიტიკურ კონტექსტს. სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას, არის ობიექტური და მიუკერძოებელი და ეს აისახა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში.

„სრულიად მოულოდნელი იყო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა იმიტომ, რომ მიმაჩნია, ბოლო წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს. რეალურად, ის გახდა როლური მოდელი თუ როგორი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მოიპოვა როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება. საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ეს ტელევიზია იქნა მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ და ობიექტურ მაუწყებლად. გარდა ამისა, სახალხო დამცველმაც სწორედ 2018 წელს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე დააჯილდოვა ტოლერანტობის ქომაგის სტატუსით იმის გამო, რომ აშუქებდა ჩვენი ქვეყნის როგორც ეთნიკურ, ასევე რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებს ძალიან აქტიურად. 
ამიტომ, ძალიან ხელოვნურად მოგონილი მქონია ის არგუმენტები, თითქოს ეს ტელევიზია არ ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრიორიტეტებს, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს შენიშვნები ჰქონდათ, ეს სამუშაო ფორმატში უნდა განხილულიყო. 

„თუ ამ ორ ადამიანს ჰქონდა გარკვეული შეკითხვები ორგანიზაციული თვალსაზრისით და შესაძლებელია რომ გარკვეული შემთხვევები კრიტიკას იმსახურებდეს ან იყოს ვიღაცისთვის მიუღებელი, თუმცა ვფიქრობ რომ ამ ვითარებაში ასეთი საკითხების გადაწყვეტა სამუშაო ფორმატში უნდა მოხდეს და ამისათვის არ არის აუცილებელი მოხდეს დირექტორის იმპიჩმენტი. ძალიან სახიფათო რამ დგება სასწორზე. ეს იქნება სახიფათო სიგნალი მომავალი დირექტორებისთვის, თანამშრომლებისთვის, რომ როდესაც ასეთ წარმატებას აღწევს ტელევიზია და მის დირექტორს იმპიჩმენტით ათავისუფლებენ, მაშინ, როდესაც დარჩა რამოდენიმე თვე, ეს ნამდვილად ემსგავსება სადამსჯელო ღონისძიებას და არა იმას, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს ტელევიზიაში. ვისი ინტერესები დგას იმ ორი ადამიანის უკან ალბათ უნდა ვეძიოთ. ადგილობრივ კონტექსტს არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ ორივე არის პოლიტიკური პარტიების მიერ ნომინირებული და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ინტერესებიც იქნება ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ურჩევს, კარგად გაიაზრონ თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცესზე მხარდაჭერა.

„ჩვენი ბერკეტი ახლა არის ის, რომ ყველამ ერთხმად ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ასეთი პროცესები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიუღებელია და ჟურნალისტურ სპექტრი არის სოლიდარული ამ საკითხის მიმართ. ვფიქრობ, რომ მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებზე, ვისაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება, ალბათ მათაც უნდა ძალიან კარგად გაიაზრონ თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მათი მხრიდან იმპიჩმენტის მხარდაჭერა. ალბათ, საზოგადოებრივი აზრის მხრიდან ზეწოლა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რაც გვაქვს. სამომავლოდ ალბათ, შესაძლებელია, სამართლებრივადაც ამ საკითხზე დავა, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესები ასე ძალიან შორს არ წავა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი