აჭარის რეგიონებში 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს

09 აპრილი 2019, 00:00 1403 ნახვა

„ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე“-30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ქობულეთში. შეკრებილებმა მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები წარადგინეს. 9 აპრილის სკვერში გამოფენილი იყო მემორიალის ესკიზი რომელიც ქობულეთში   განთავსდება. ღონისძიების დასასრულს სიმბოლურად ცაში წითელი ბუშტები  გაუშვეს.

9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს დღეს ხელვაჩაურშიც. დაღუპული გმირების პატივსაცემად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გაიხსენეს 30 წლის წინანდელი პროცესები, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დედაქალაქში და როგორ მოჰყვა თავისუფლებისთვის ბრძოლას 2 წლისთავზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. თარიღის აღსანიშნავად კულტურის სახლში ღონისძიებაც გაიმართა. აჩვენეს 9 აპრილის ამსახველი ვიდეო კადრები, გაიმართა პერფომანსიც.

ქედაში, 9 აპრილის სახელობის სკვერში გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს თვითმართველობის წარმომადგენლებმა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.   

9 აპრილის მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს ხულოშიც. მოქალაქეებმა, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა  პატივი მიაგეს 1989 წელს დაღუპულების ხსოვნას. მოსწავლეებმა ამ  დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

მემორიალი  ხულოში ყვავილებით შეამკეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც.  ცხრა აპრილის სკვერში მემორიალთან  პარტიის  ბათუმისა და ხულოს ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი