შესწორება 11 თებერვალს გასულ სიუჟეტში უზუსტობის გამო

26 მარტი 2019, 00:00 1807 ნახვა

თვითრეგულირების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მერის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით. კომისიამ განიხილა ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ 15 თებერვალს შემოტანილი განცხადება და მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა, თეონა ხარაბაძემ 11 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის დასკვნაზე მომზადებულ სიუჟეტში დაარღვია სიზუსტის პრინციპი, მხოლოდ სტადიონთან დაკავშირებით.

სამ ადგილობრივ მცხოვრებთან  გადამოწმების შემდეგ სიუჟეტში მოხვდა სტადიონის კადრები, რომელიც ასევე ჯიბინაურში მდებარეობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო  აუდიტის დასკვნაში მითითებული სტადიონი. სიზუსტის პრინციპის დარღვევა დადგინდა მაუწყებლის  ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მასალაშიც. აღნიშნული უზუსტობის გასწორების მიზნით, ახლა გაჩვენებთ კადრებს ჯერ იმ სტადიონიდან, რომელზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში.

  ასევე კადრებს სტადიონიდან, რომელიც ამავე სოფელში მდებარეობს და მოხვდა სიუჟეტში. ცნობისთვის, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე  ეჭვქვეშ აყენებდა „მთავარში“ გასულ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტეს რამდენიმე ეპიზოდში. ჯუმბერ ვარდმანიძე მიიჩნევდა, რომ აუდიტის დასკვნაზე მომზადებულ სიუჟეტში არაზუსტი იყო ინფორმაცია კაპრეშუმის სოციალურ სახლთან და სოფელ ჯიბინაურის სტადიონთან დაკავშირებით. ამასთან, მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში გასული მასალა იყო დისკრიმინაციული და შეფუთული იყო დამცინავი ნარატივით.  როგორც უკვე გითხარით უზუსტობა დადგინდა მხოლოდ სტადიონთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი