სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე, 18 წელია, ბათუმში მუშაობს. ის დღეს გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან ერთად დგას და ამბობს, რომ იბრძვის უსისტემობის წინააღმდეგ, რაც ხელს უშლის, დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსა და ადამიანებს ქვეყანაში.
ინგა დავითაძე ყვება, რომ არსებული სისტემა სოციალური მუშაკის 600 ლარზე დგას. სფეროში დასაქმებულები, ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი ბენეფიციარების დახმარებას, საკუთარი და კეთილი ადამიანების ხარჯზე ახერხებენ.
"წლებია ვითხოვთ, რომ სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს დაგვეხმაროს და მოგვცეს ინსტრუმენტები პრობლემების დასაძლევად. გამოძახებაზე როცა გავდივართ, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, არა გვაქვს საკმარისი და აუცილებელი რესურსი, არ გვყავს ტრანსპორტი. როცა გვაქვს გამოძახება და ბენეფიციარი სეროზული პრობლემების წინაშეა, ვწერთ საპროცესო წარმომადგენლობას, მეორე და მესამე დღეს მასთან მუშაობის გაგრძელებას ვერ ვახერხებთ. აჭარაში არასოდეს ყოფილა დღის ცენტრი, არასოდეს ყოფილა კრიზისული ცენტრი, არ გვქონია და გვაქვს თავშესაფრები, სადაც ადამიანების, ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების (ბავშვების, ქალების) რეაბილიტაცია მოხდება.
როცა ჩვენი უფლებები ირღვევა, ირღვევა ჩვენი მოწყვლადი, ყველაზე დაუცველი მოქალაქეების უფლებებიც, რადგან, ვერ ვახორციელებთ მათზე სათანადო ზრუნვას. პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე წელია ვითხოვთ, თუმცა, არც ერთი ნაბიჯი გადაუდგამთ და არასოდეს პასუხიც კი არ მიგვიღია დამსაქმებლისგან, ჯანდაცვის სამინისტროსგან.
რაც შეეხება ჩანაცვლებებს: მოვკარით ყური, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლებენ, წარმოუდგენელია ჩაანაცვლოს ვინმემ იმ სტაჟისა და კვალიფიკაციის მქონე სოცმუშაკები, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში ახრეხებენ საქმის პროფესიულად კეთებას", - გვითხრა ინგა დავითაძემ.
„ტრანსპორტის გამოყოფა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობა მყისიერი და სათანადო გახდეს. ჩვენი ხარჯებით, ჩვენი 600-ლარიანი ხელფასით, ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენს დამსაქმებელს არ უნდა ვამაგრებდეთ. სისტემა, პრაქტიკულად, დგას სოციალური მუშაკის პირად რესურსზე. ქუჩაში რომ არ დაგვრჩეს ბავშვი, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება, მიგვყავს სახლებში. ბოლოს იყო შემთხვევა, როცა თურქეთის რესპუბლიკიდან დეპორტირებული იყო არასრულწლოვანი და იგი სახლში სოციალურმა მუშაკმა წაიყვანა, რადგან ქუჩაში მისი დატოვება არ შეიძლებოდა, სახიფათო იყო. სხვა რესურსი კი აჭარაში არ არსებობს. რამე, რომ მოხდეს, მეორე დღეს აუცილებლად იტყვიან, სად იყო სოციალური მუშაკიო", - ყვება ინგა დავითაძე და გაფიცვას მანამ არ შეწყვეტს, ვიდრე, მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
საქართველოში სოციალური მუშაკები დღეს გაიფიცნენ, ისინი, ქვეყნის მასშტაბით, ადამიანური რესურსის გაზრდას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას, ბენეფიციარების დასახამრებლად კრიზისული ცენტრების გახსნას ითხოვენ.