ბათუმში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით შსს-მ გამოძიება დაიწყო

21 მარტი 2019, 00:00 2239 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ბათუმში მომხდარ ფაქტს. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ რეპორტაჟი მოამზადა, კადრებში ჩანდა, რომ მკვდარი ცხოველები ღია ცის ქვეშ ე.წ. ბეიკერის ორმოსთან ეყარა. ბიოლოგიური კამერები მკვდარი ძაღლებით იყო სავსე.  

ე.წ. ბეიკერის ორმოზე მკვდარი ცხოველების ტრანსპორტირება და  შესაბამისი ღონისძიებების გატარება შპს „სევერ“-ს ევალება. კომპანიას ბათუმის მერიასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

კომპანიის წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ მაუწყებელს უთხრა რომ ისინი პირობების და კანონის დაცვით მოქმედებენ. ​''ე.წ ბეიკერის ორმოში ხდება იმ ცხოველების მოთავსება, რომლებიც არიან დაავადებულები, რომლებიც არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან. ხდება მათი მოთავსება წესის და კანონის დაცვით. სპეციალურ ტომრებში ვატავსებთ და მოგვყავს აქ''. 

ე.წ. ბეიკერის ტერიტორია ქალაქში არსებული ერთადერთი ცხოველთა სამარხია. წლების წინ მოქმედი კოდექსით სამარხის სანიტარულ ზონა დასახლებიდან 500 მეტრით იყო განსაზღვრული. არსებული კი ბათუმთან ისევე ახლოსაა, როგორც მის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყარი. 

ფაქტს საზოგადოების პროტესტი და გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ, ევროპის მოედანზე ცხოველთა დამცველებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. მონაწილეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ ბათუმის ნაგავსაყარზე აღმოჩენილი ცხოველების ნაწილი მოკლული იყო. 

ისინი ბათუმის მერიას სთხოვენ საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედოს კანონის ფარგლებში, გამოიყენოს ევთანაზიის წესი. ამბობენ, რომ მკვდარი ცხოველების ღია ცის ქვეშ, ქალაქთან ახლოს განთავსება საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის და ამისათვის სპეციალური სამარხი უნდა არსებობდეს.

ამავე კატეგორიაში