ქობულეთის მერია  სოფელ ხუცუბნის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 395 666 ლარს ხარჯავს

19 მარტი 2019, 00:00 13444 ნახვა

ქობულეთის მერია სოფელ ხუცუბნის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 395 666 ლარს ხარჯავს. უკვე გამოვლენილია ფიზიკური პირი - ჯემალ ირემაძე, რომელმაც ელექტრონული ტენდერი მოიგო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. 

მერიის ტენდერის პირობის თანახმად, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა მილიონ ნახევრიანი დაკვეთა უკვე შესრულებული და პარკებისა და ბაღების მოწყობის გამოცდილება. დოკუმენტების მიხედვით, ჯემალ ირემაძეს ბათუმსა და ქობულეთში სხვადასხვა ობიექტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქვს ჩატარებული, რეკომენდატორები კი ყოფილი დამკვეთები, მათ შორის ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე ჰყავს. 

ჯემალ ირემაძემ ქობულეთის მერიას აღნიშნული სამუშაოების ჩატარება 70 ათასი ლარით ნაკლებად შესთავაზა. 465 ათას ლარზე გამოცხადებული სამუშაოების ჩატარება, გამარჯვებულმა 395 666 ლარად გადაწყვიტა. 

ტენდერით სოფლის ცენტრში, ტროტუარებზე ასფალტის საფარი ფილებით უნდა ჩანაცვლდეს, შეკეთდეს ბორდიურები, სოფლის გამგეობის ღობე ლითონის კონსტრუქციით (მილკვადრატის ღობით) უნდა შეიცვალოს.  

გაკეთდეს გარეგანათების სანათები და დამონტაჟდეს დიოდური განათება. ამასთან, წრიულთან დამონტაჟდეს ფერადი პროჟექტორებით. 

ხოლო, გზის გამყოფ გამწვანების ზოლი და წრიული ბეტონის დაბალი კედლით უნდა შემოისაზღვროს და ბუნებრივი გრანიტის ფილებით მოპირკეთდეს. იგეგმება ავარიის საწინააღმდეგო ბორდიურების მოწყობაც. 

ამავე პროექტის ფარგლებში ხუცუბნის ცენტრში არსებული ორი მოსაცდელი დაიშლება და ახლით ჩანაცვლდება. დასაშლელ მოსაცდელებს შორის, ერთ-ერთი რამდენიმე წლის წინ მოაწყვეს და ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა.  

სოფლის ცენტრში სასმელი წყლის შადრევანსაც მოაწყობენ. სამუშაოები 4 თვეში უნდა დაასრულდეს. 

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ხუცუბანში დიდი თანხის დახარჯვა მისი ადგილმდებარეობის გამო გადაწყვიტეს, ამ სოფლის გავლით ბევრი ტურისტი მიდის კიტრიშის ნაკრძალში.  ''2019 წელს ავიღეთ პრიორიტეტი, რაც გულისხმობს სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობას. ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სოფლის ცენტრები, რომელიც მდებარეობს ტურისტული მარშუტის ხაზზე. ინფრასტრუქტურა სოფელში მინიმალური სტანდარტით უნდა იყოს მოწესრიგებული. სოფელ ხუცუბნის ცენტრი  სწორედ ამ პრინციპით შევარჩიეთ. ის არის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მდებარეობს ფაქტიურად ქალაქის სიახლოვეს და პირველი დასახლება, რომელიც ტურისტს კინტრიშის ხეობაში ხვდება" - ამბობს მირიან ქათამაძე და ირწმუნება, რომ ყველა სოფელი ეტაპობრივად კეთილმოწყობა.  

ფოტოები: საპროექტო დოკუმენტაციიდან

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს არ იგეგმება, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტში სოფელ ოჩხამურში გამგეობების შენობებისთვის ფული გათვალისწინებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი