უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით იმსჯელეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის წევრები შეჯერდნენ, გადაწყდა, რომ ამ კანონპროექტს სესიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან სრული მხარდაჭერა ექნება. კიდევ ერთი საკითხი, მათი თქმით - პარტიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის დეპუტატის ბექა ოდიშარიას კანდიდატურას წარადგენენ. ამ დრომდე ეს პოსტი ზვიად კვაჭანტირაძეს ეკავა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ეკა ბესელიასთან ერთად დატოვა. გარდა ამისა, დეპუტატებმა დღეს დაადასტურეს, რომ მმართველი გუნდი, პარტიაში ახალი წევრების მისაღებად, აქტიურად მუშაობს.