სავარაუდოდ მალე უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობი და ორგანიზატორი პირები სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან - ფაქტების კრიმინალიზების შესახებ კანონპროექტს დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა. კანონპროექტის თანაავტორის თამარ ხულორდავას განმარტებით პროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი დანაშაული გაჩნდება.
საუბარია თავისუფლების აღკვეთაზე ვადით ორიდან ოთხ წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში კი სამიდან ექვს წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ან ორგანიზება, ასევე თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ორგანიზება.
კანონპროექტის შექმნის მიზეზად ხულორდავა, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ტალღის მატებას ასახელებს. ცნობისთვის, უვიზო მიმოსვლა არ არის უპირობო და მას თან ახლავს შესაძლო შეჩერების მექანიზმები. პარლამენტარი, ამბობს, რომ ახლა ის ვითარებაა, როდესაც არ არის გამორიცხული დღის წესრიგში დადგეს ეს საკითხი.
შესაბამისად რეაგირებაა საჭირო. თამარ ხულორდავას ინფორმაციით 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 72%-ითაა გაზრდილი თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა. ამასთან ერთად კი ერთ-ერთი წინაპირობა შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად საზღვარზე უარის თქმაა, ეს მონაცემი კი 200%-ითაა გაზრდილი.