სუს-ი ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებული იარაღის მჭიდზე ქართულ წარწერებს სწავლობს

15 მარტი 2019, 00:00 1800 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს ახალ ზელანდიაში ტერორისტულ აქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების წარმომავლობას.  

ამის შესახებ განცხადება სუს-მა ოფიციალურად გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ​"უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ" - წერია განცხადებაში. 

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 40 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა. პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი, სამი კაცი და ერთი ქალი უკვე დააკავა. ჯერჯერობით რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში უცნობია.  

გამოცემა Daily Mail-მა ტერაქტის ადგილზე ამოღებულ იარაღის ფოტო გაავრცელა, სადაც მჭიდებს სხვა წარწერებთან ერთად, ქართულად დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია.

შეიარაღებული თავდასხმა ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებზე განხორციელდა. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ალ-ნურის მეჩეთში 300 ადამიანი იყო. თვითმხილველები ყვებიან როგორ დაინახეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც მეჩეთში შევიდა და სროლა დაიწყო. შეიარაღებული თავდასხმის გამო ქალაქში ყველა მეჩეთი დაკეტილია. ამასთანავე, სკოლებში შეწყდა სასწავლო პროცესი და დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განცხადა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არის ახალი ზელანდიის ავსტრალიური წარმომავლობის მოქალაქე.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მას თავდასხმისას 17-წუთიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდა, ხოლო სანამ მეჩეთში შევიდოდა მანიფესტი გამოაქვეყნა. ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში ყველა მისი ანგარიში დაბლოკილია.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი