ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მათ გათავისუფლებას ითხოვდა გირაოს სანაცვლოდ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, სასამართლოს კი მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა.
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ქობულეთში ორი დღის წინ ამოიღეს, ერთ-ერთი პირის ჩხრეკისას. საუბარია ბირთვული კატეგორიის მასალაზე, რომელიც, სუს-ის ცნობით, 40.19 გრამ რადიაქტიულ იზოტოპს „ურან 235“-ს შეიცავს. მისი გამოყენება და რეალიზაცია აკრძალულია, შესაბამისად გამოძიება უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ბირთვული მასალის გასხვისებას გეგმავდნენ 2 800 000 აშშ დოლარად.
სპეცოპერაცია ქობულეთში, თამარ მეფის გამზირზე ჩატარდა. ცნობისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც სხვადასხვა რადიო აქტიულინივთიერება ამოიღეს აჭარაში. ზოგ შემთხვევაში შემოტანის ტერიტორიად ოკუპირებული აფხაზეთი სახელდება. ამ შემთხვევაში კი ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდა ნივთიერება ქვეყანაში. ცნობილია, რომ იგი იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.