აბუსერიძის ქუჩის ნაწილი სამი თვით ჩაიკეტა

12 მარტი 2019, 00:00 1546 ნახვა

დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლში მოძრაობა აკრძალული იქნება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვები სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაწესდა, რომელიც ლორიასა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს. 

სამუშაოების დასრულებამდე სატრანსპორტო საშუალებები აბუსერიძის ქუჩის მეორე ზოლში, ორმხრივად იმოძრავებენ. 

''ხორციელდება წყალარინების კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 1200მმ-იანი თვითდენითი კოლექტორის მოწყობა 8 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება'' - აცხადებენ მერიაში.

ბათუმში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა ქუჩა გადაკეტილი. მოძრაობა სამი დღით აიკრძალა თამარ მეფის გამზირზე, სადაც გზის ერთ ზოლში ასფალტის საფარს ცვლიან.

შეზღუდვებია ასევე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4 მარტიდან სამი კვირის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში