პარლამენტის ბიუროს 11 მარტის სხდომაზე წარედგინება დადგენილების პროექტი, რომელიც “თიბისი“ ბანკსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.პროექტი კომისიის შექმნის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოამზადეს. „პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა "თიბისი ბანკზე“.
ამავე სხდომაზე მან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მისი მოადგილე - შანტაჟში. “საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. დროებითი საგამოძიებო კომისია კი შეისწავლის აღნიშნულ საქმეს, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და გამოაქვეყნებს დასკვნას, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, გამოძიების ეფექტურად წარმართვას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, სწორედ ამ მიზანს ისახავს დადგენილების პროექტი“, - ნათქვამია პარლამენტის განმარტებით ბარათში. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია სამი თვე.