ბათუმის სანაპირო ზოლში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. საკითხზე ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ამჯერად, გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მოგვიანებით კი "ალიანს -სიტიმ" გეგმარებითი დავალების ფარგლებში ოთხი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს. მათ შორის განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების და საინჟინრო ნაწილიც.
იგეგმება ზონის შეცვლაც, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, მერია კი აპირებს იგი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით შეცვალოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელია აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობების დაწყება.
კომპანია თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის, სასტუმროს აპარტამენტების, საცურაო აუზის, ლაუნჯის, საოფისე ფართების, მაღაზიების, რესტორნების, სპორტული ობიექტების დაპროექტებას აპირებს. მიწისქვეშა სივრცეში კი დაგეგმილია 450 მანქანაზე ავტოსადგომის მოწყობა.
თანხმობის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაწყება და სავარაუდოდ, 2023 წელს დასრულება.
მერიის არქიტექტურული სამსახური დოკუმენტში წერს, რომ ტერიტორიაზე დასაქმდება 500 კაცი, ინვესტორი კი 250 მილიონის დახარჯვას გეგმავს.
ე.წ. ლუჟკოვის სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ ალსან აბაშიძის მმართველობის დროს დაიწყო, მშენებლობა ზღვისპირზე დასრულებული იყო, თუმცა იგი წლებია უფუნქციოა და სამშენებლო ჯებირებით არის შემოსაზღვრული.