მამუკა ხაზარაძე - ''ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მაშანტაჟებდა''

04 მარტი 2019, 00:00 2054 ნახვა

"სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მის მოადგილეს, მოვითხოვ მათი უნდობლობის საკითხი დადგეს, არ ვიცი რამდენად მაქვს ამის უფლება, თუმცა როგორც მოქალაქე და ამ სფეროში ჩაფლული ადამიანი უნდობლობას ვუცხადებ. ასევე ვითხოვ, შეიქმნეს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საქმეზე ყველა წერილს, დოკუმენტს და ა.შ." - ეს განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, მისი განცხადებით ეროვნული ბანკი მათ პირდაპირ აშანტაჟებდა.  

"ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მაშანტაჟებდა. გვაშანტაჟებდა მე და ბადრის (ბადრი ჯაფარიძე - თიბისის დამფუძნებელი), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი" - განაცხადა ხაზარაძემ. 

მისი განმარტებით ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა თიბისის სამეურვეო საბჭოს 5 დამოუკიდებელ პრეზიდენტს, რომლებიც უცხოელები არიან და საქართველოში ლონდონის ბირჟის მიერ არიან არჩეულები, მოსთხოვეს განეხილათ მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არდა ეროვნული ბანკი გამოსცემდა მათი გადაყენების შესახებ ბრძანებულებას. ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას.

"ამით პრაქტიკულად დაგვემუქრნენ. მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ მზადა ვართ გადავდგეთ თანამდებობიდან, რადგანაც რეგულატორი ხართ და და ჩვენ პატივს ვცემთ რეგულატორს. მათ თქვეს, რომ თქვენ არა მხოლოდ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, არამედ სამეურვეო საბჭოდანაც უნდა წახვიდეთო. მე და ბადრის გვაქვს ორი ხმა საბჭოში, შესაბამისად გადაწყვეტილების რაიმე უფლება არა გვაქვს ბანკში, მაგრამ მაინც ისინი ითხოვდნენ, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა საბჭო. 

პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე. მერე როგორც ჩანს ვიღაცამ დაუწუნა ცოტა არისო, მე მივედი შევხვდი პრეზიდენტს და ვუთხარი რომ ჩვენ 10 ათასსაც არ გადავიხდიდით, რადგან ეს არის 11 წლის წინანდელი ამბავი. არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ საქმე. შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი რომელმაც დაგვარიცხეს მილიონი ლარი ჯარიმა და გამოაგზავნეს წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ პარლამენტარებს ისიც უთხრა, რომ 27 წლის განმავლობაში ერთდროულად 4 სახელმწიფო უწყება პირველად შევიდა ბანკში 2018 წელს, ამავე წელს მოხდა კიბერშეტევა ბანკზე. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, კომპიუტერი ექსპერტიზაზე მხოლოდ ერთი კვირის წინ გადააგზავნეს

ამავე კატეგორიაში