აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში ჩატარებული აუდიტის შედეგები. არასრულად ან უხარისხოდ შესრულებული ვალდებულებები, ხარვეზები სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მათ შორის საბავშვო ბაღების და სკოლების მოწესრიგების პროცესში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა შესყიდვების მიმართულებითაც. ანგარიშების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ შესყიდვები მორგებულია ტენდერის კონკრეტულ მონაწილეზე.
ავანსად გაცემული თანხა, შეუსწავლელი ბაზარი, რაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს ზრდის და კონტროლის სუსტი მექანიზმი - ესეც აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის ნაწილია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე აღმოაჩინა, რომ ბათუმში მერიის ბინაზე მოვლის სოციალური სერვისით გარდაცვლილები სარგებლობდნენ. აუდიტის სამსახურის ანგარიშს ადრესატები ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმებიან, თუმცა ფაქტია, რომ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დატოვა, მალე კი ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტში ფინანსური პოლიცია შევიდა. მერებს კი რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის მუნიციპალიტეტებში 2016-17 წლებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.