აჭარის განათლების მინისტრს ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი თხოვნით მიმართავს, არ დაუშვას ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12-ში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე ჩარევა - მიმართვას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს.
მიმართვაში წერია: "ქალბატონო ინგა, როგორც მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეს – ახლა მხოლოდ თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება გადაწყვიტოთ ამ შენობის ბედი; თქვენზეა დამოკიდებული მისი ავთენტურობის დაცვა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაცემა. იმედი გვაქვს, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით ჩვენ თხოვნას და დაუყონებლივ გააუქმებთ სანებართვო მოწმობას N03-05/87".
საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი მიიჩნევს, რომ გასულ საუკუნეში აგებული სასტუმრო "ვერსალის" შენობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და მოდერნის სტილის (იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau) საუკეთესო ნიმუში საქართველოში.
"სახლი დიდხანს იყო მიტოვებული და გავერანებული, გადაურჩა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბათუმში განხორციელებულ ე. წ. „მანსარდიზაციასაც“, მაგრამ ახლა მისი ავთენტურობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა, რადგან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით უკვე გაცემულია სანებართვო მოწმობა ისეთ პროექტზე, რომლის მიხედვით, სახლის მთელ პერიმეტრზე ხდება სხვენის ამაღლება და მანსარდას მოწყობა.
ამ სახლის სახურავის ამაღლება მანსარდას მოწყობის მიზნით შ.პ.ს. „არტსტუდიო პროექტის“ პროექტით 2016 წელსაც იგეგმებოდა, თუმცა, ნებართვა ვერ მიიღო, რადგან, მიუხედავად (ხელოვნებათმცოდნეების) ლალი ანდრონკაშვილის 2015 წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევისა და ა. პროზოროვას 2016 წელს შედგენილი რეცენზიისა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევდნენ სახლის სახურავის ცვლილებას, 2017 წელს, საქართველოს ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა საექსპერტო ჯგუფმა, შენობის მაღალი მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ეს სრულიად დაუშვებლად მიიჩნია და დაასკვნა, რომ ამ ძეგლზე ყოველგვარი დაშენება მიუღებელია" - წერია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ აჭარის განათლების მინისტრს შეუძლია ამ შენობის ავთენტურობის შენარჩუნების გარდა, თავიდან ააცილოს ქვეყანას საერთაშორისო სკანდალი, რადგან საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ცნობილი ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მისი ნიმუშების დაზიანება უცილობლივ გამოიწვევს ბევრი სერიოზული უწყების პროტესტს.
აჭარის განათლების მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია, ჩვენ ვცადეთ ინგა შამილიშვილთან დაკავშირება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი პოზიცია უცნობია.
მოქალაქეებისა და სპეციალისტების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, რამდენად უშვებენ თავად კომპანიის წარმომადგენლები მანსარდასთვის სხვენის ამაღლების გადაწყვეტილების შეცვლას. კომპანიის წარმომადგენელი კონსტანტინე (კიტა) მხეიძე ფიქრობს, რომ პროექტში ცვლილებები დაუშვებლია. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ მათი კომპანიის ინტერესია ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნებაში რეალური წვლილის შეტანა, ვიდრე ამის ვალდებულება ხელშეკრულებით აქვთ ნაკისრი.
"მიმდინარე საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, ჩვენი კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხოელ ინვესტორებთან, რომელთა დახმარებისა და თანადგომის გარეშე პროექტის ხარისხობრივად სასურველ შედეგამდე მიყვანა მისი მნიშვნელოვნებიდან და ექსკლუზიურობიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო თანხამ უკვე შეადგინა 3,500,000 აშშ დოლარზე მეტი, რის საფუძველზეც, თავის მხრივ, შპს „კორაქსეს“-ს უკვე აქვს ვალდებულებები თანაინვესტორებთან. ამასთანავე, საინვესტიციო ფონდმა პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას ასევე საერთაშორისო დონის ფრანგულ სასტუმრო ოპერატორთან, რაც ნიშნავს, რომ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მოსაწყობი დელუქს-კლასის სასტუმროს მართვაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს. თანაინვესტორების ჩართულობით და კანონმდებლობის დაცვით მოხდა, ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო ნებართვების მიღება. შესაბამისად, ამ ეტაპზე პროექტში დამატებითი ცვლილებების შეტანა პრაქტიკურლად დაუშვებელია, რადგან პროექტის საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევისა და ეკონომიკური ასპექტების გარდა, ეს დამატებით განაპირობებს განხორციელების ვადების დარღვევას" - წერილობით ასეთი პასუხი გასცა ჩვენს კითხვას კონსტანტინე მხეიძემ.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათი საქმიანობის მიმართ სხვადასხვა ტიპის რეპუტაციის შემლახავი კამპანიების წარმოება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებში შედის, რადგან “კორაქსესი” ძველი ქალაქის ინტერესების დაცვით მოქმედებს.
"რომ არა ჩვენი კომპანიის ძალისხმევა, ბათუმს ვერ შეუნარჩუნდებოდა ვერც კოსტავას #20-ში მდებარე ძეგლი და ვერც გამსახურდიას #12 არსებული შენობა. ეს ყოველივე იმ ფონზე, რომ ამ პროექტში "კორაქსესის" მიერ ჩადებული ინვესტიცია არ არის გამიზნული მოგებაზე და მნიშვნელოვნად სცდება ბიზნესის წსრმოების და უკუგების ყველა სტანდარტს. ამასთან ერთად სახელმწიფოს მიერ გაცხადებული კურსი, ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ნიშნავს ყველა მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხისადმი ჩვენი კომპანიის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ბიზნესის ინტერესებთან ერთად უსათუოდ უზრუნველყოფს საზოგადოების უპირატესი ინტერესის დაცვას".
რესტავრირებული მოდერნის სახელით ცნობილი სახლის 800 კვ/მ ფართი შპს “კორაქსესის" 2010 წელს 1 ლარად გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, ამ ფართში კომპანის მცირე ზომის სასტუმროს გახსნისთვის 5 წელი განესაზღვრა.
9 წლის განმავლობაში შენობა უფუნქციო იყო. კომპანიის წარმომადგენლები მტკიცებით, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არ დაურღვევიათ, რადგან ხელშეკრულების თავდაპირველი პირობა შეიცვალა. შპს „კორაქსესის“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ შენობის უკანა ნაწილში არსებული 2000 კვ/მ ფართობი კერძო მესაკუთრეებისგან გამოესყიდათ და მცირეს ნაცვლად, დიდი ზომის სასტუმრო გაეკეთებინათ.