თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ხაზარაძის განცხადებით TBC ბანკი მზადაა, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ნეგატიური ზეგავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.
მისი თქმით გასაჩივრებულია 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება. ახლა კი სამეთვალყურეო საბჭო მართლმსაჯულებას ელოდება. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ სახელმწიფო, ერთი მხრივ, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუმცა გამოძიების დაწყების პროცესით მას აზიანებს. ამასთან დღეს ბადრი ჯაფარიძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი მას და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მეშვეობით ბანკის წილების დათმობას სთხოვდა.