ბათუმში პოლიციის მეშვიდე განყოფილებასთან, ზაალ ლატარიას შვილი მივიდა. ლანა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ მამა სასტუმროდან სამართალდამცველებმა წაიყვანეს. ნომრიდან გასვლამდე კი უთხრა, რომ ''ბესელიას საქმეზე'' უნდა გამოეკითხათ.
ლანა ლატარია ირწმუნება, რომ მამას ფარული ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს.
'' ბათუმში დასასვენებლად ჩამოვედი, შევამჩნიე, რომ ორი მანქანა სულ დაგვყვებოდა. სასტუმროში, რომ შევდიოდით გაგვაჩერეს. მამა გადაიყვანეს, შემდეგ კი გამოუშვეს. ნომერში ავედი ბარგი ავიტანე, მამაც ამოვიდა. ვკითხე რის საფუძველზე ხდება ეს გამოკითხვათქო და მითხრეს: ჩვეულებრივი დაკითხვააო''. წასვლამდე მამამ ორი სიტყვა მითხრა ''ბესელიას საქმესთან დაკავშირებითო''. მერე წაიყვანეს. ჯერ ტელეფონი ჩართული ჰქონდა, შემდეგ გამორთო. ზუსტად ვიცი, რომ მამაჩემი ფარული ჩანაწერების საქმესთან არაფერ შუაში არ არის'' - ამბობს ლანა.
მისი განცხადებით, ზაალი ბათუმში მეგობართან სტუმრად იყო ჩამოსული.
''ვფიქრობ, რომ მამა დაკავებულია, პოლიციის განყოფილებები მოვიარე. ყველგან მეუბნებიან, რომ აქ არ ჰყავთ, არც გამომძიებელი რეკავს, ადვოკატიც არ გვყავს''.
ზაალ ლატარია ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. ამ ეტაპზე კი არ მუშაობს. ლანა ლატარიას თქმით, მამის დაკავება შესაძლოა პოლიტიკურ მოტივებსაც უკავშირდებოდეს.
''ეს არ მომხდარა პირველად. ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებოდნენ ზუგდიდიდან წადი, დატოვე შენი ქვეყანაო. მას არცერთ პარტიასთან კავშირი არ ჰქონია''.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბათუმის ერთ-ერთ განყოფილებაში ზაალ ლატარიას გამოკითხვა მიმდინარეობს.