ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში მოქალაქეებს წყალი ერთი კვირაა არ აქვთ

06 თებერვალი 2019, 00:00 1637 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში მოქალაქეები კვირაზე მეტია სასმელი წყლის გარეშე არიან.  სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისე გავიდა კვირა, მათთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა და არც ის იციან, როდის შეიძლება აღუდგეთ წყლის მიწოდება.

„ერთ კვირაა არავის მოუკითხავს. ბავშვები პირდაუბანელი დაგვყავს სკოლაში, პირდაპირი მნიშვნელობით ვიხრჩობით წყურვილით. ახლაც გვალვაა, რასაც ზაფხულობით იმიზეზებდნენ. ახალი წლის დღეებშიც წვეთ- წვეთი ვაგროვეთ. ყოველთვის ერთი და იგივე მიზეზს ამბობენ, რომ მატორი გაფუჭდა. ხო შეიძლება ერთხელ გაკეთდეს ეს მატორი, რომ აღარ ვიწვალოთ ადამიანებმა“ - უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს ინგა ჩხარტიშვილი.

ამავე სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები იზა ქათამაძე კი ამბობს, რომ ავადმყოფებისა და მცირეწლოვნებისთვის სასმელი წყლის მოტანისთვის კილომეტრების გავლა უწევს.    „ოჯახში ორი ავადმყოფი მყავს და  მცირეწლოვანი ბავშვები, წყლის გარეშე ვერც ბავშვებს და ვერც ავადმყოფს ვერ ვუვლი. წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ?  არაფერს ვამბობ სისუფთავის დაცვაზე. ერთი ე.წ  ჭახრაკი გვაქვს და მთელ სოფელს და მაგის იმედზე ვართ.  გვიწევს კილომეტრების გავლა წყლის მოსატანად“.

ქობულეთის „სოფლის წყლის“ დირექტორი სულიკო თხილაიშვილი ადასტურებს, რომ სოფლებში ხშირია მსგავსი პრობლემა და ახლა მიმდინარეობს შეკეთებითი სამუშაოები.

 „ჯიხანჯურში არის წყალსაცავის (ნასოსის) პრობლემა, ამ დროისათვის  შეკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებსაც „სოფლის წყლის“ ინჟინერი,  ქალაქის წყლის დირექტორის მოადგილე ოთარი ზოიძე და სხვა სპეციალისტები ახორციელებენ.

სოფლის რწმუნებული როინი გოგიტიძე მოქალაქეებისგან განსხვავებით გვარწმუნებს, რომ სოფელში წყალი 2-3 დღეა არ აქვთ. „მატორი გასაკეთებლად თბილისში წაიღეს“ - გვითხრა რწმუნებულმა. მისივე თქმით,  ხვალ 12 საათისთვის წყლის მიწოდება სოფელ ჯიხანჯურის მოქალაქეებს აღუდგებათ.

სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა ქობულეთის  სოფლებს წლებია აქვს, პრობლემის გადაჭრა ამ დრომდე ვერ მოაგვარა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

სოფელ ჯიხანჯურში, გასულ ზაფხულს ანალოგიური პრობლემა იყო, როცა თვეების განმავლობაში  ხშირად ითიშებოდა წყალი კვირეების განმავლობაში.  საეჭვოა არის წყლის ხარისხი, როცა ის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია.

 

ავტორი - ლოლა ტომასიანი (სტაჟიორი) 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი