''ოცნების ქალაქში'' მშენებლობისთვის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ტენდერს 10 მილიონზე გამოაცხადებს

06 თებერვალი 2019, 00:00 3929 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება. პირველი ფაზის სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ამბობს რომ თანხები გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ასევე დახმარებას ელოდებიან ცენტრალური ხელისუფლებიდანაც. უფრო მეტი კონკრეტიზაციისგან თორნიკე რიჟვაძე თავს იკავებს. მისი თქმით, დეტალები სამუშაო ჯგუფში დაზუსტდება, ინფორმაციას კი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.

მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არ არის ერთ კონკრეტულ ინვესტორზე მორგებული პროექტი. გამოცხადდება ტენდერი. პროცესს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს. 

ჟურნალისტის კითხვაზე: ხომ არ მოხდება ამ გადაწყვეტილებით, ე.წ. ''შეჭრების''​ წახალისება? 

თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო მსგავს უკანონობას აღარ დაუშვებს. ხოლო ამ ეტაპზე დამამცირებელ და საშიშ გარემოში მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარებიან. 

ცნობილია, რომ პროცესებში მესამე სექტორის ჩაერთვება, ამის შესახებ რეგიონის პირველმა პირმა ბრიფინგზე განაცხადა. რიჟვაძე დღეს არ დაუკონკრეტებია რომელ ორგანიზაციებზეა საუბარი.  

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან  პროექტის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ სამართლიანობის პრინციპებს დაიცავენ, ოჯახებისთვის ბინების განაწილება კი გამჭვირვალედ წარიმართება. ''აქ არ ცხოვრობენ მოქალაქეები, რომლებმაც დაკეტეს სახლი და წამოვიდნენ. იმისთვის, რომ სახელმწიფოს რაღაც გამოსძალოს. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემა აქვთ. ამ ოჯახების შერჩევა მოხდება გამჭვირვალედ, ამ ხალხთან ერთად. სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებმაც ქუჩის მეორე მხარეს დაკეტეს სახლი და აქ ცხოვრობენ'' - განაცხადა ჯინჭარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. 

''ჯერ ერთ ლოკაციაზე დაიწყება მშენებლობა, შემდეგ გადავალთ მეორეზე, სადაც გამოთავისუფლებული ტერიტორია იქნება. ​კრიტერიუმებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა ოჯახი შევისწავლეთ, მინიჭებული აქვს ნუმერაცია. შესაბამისად კრიტერიუმები იქნება უსახლკარო ოჯახები, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი. ერთ დღეს აქ შეიძლება მივიღოთ ეპიდაფეთქება, რადგან დასახლებაში სამასამდე საკანალიზაციო შამბოა, უმრავი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ეს ჩვენი მოსახლეობაა და ვალდებულები ვართ შევუქმნათ უსაფრთხო გარემო''- ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი