116 პირია ბრალდებული არასრულწლოვნებთან სქესობრივი დანაშაულისთვის 

06 თებერვალი 2019, 00:00 1878 ნახვა

სამართალდამცველებმა, გასულ წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით  116 პირი ამხილეს. სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 6 თებერვალს გამოაქვეყნა. 

ყველაზე მეტი 86 საქმე, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს უკავშირდება. 4 მოქალაქე ამხილეს გაუპატიურების, 2 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, 24  კი გარყვნილი ქმედების ჩადენაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკას ამკაცრებს. ​

''დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.'' - წერია განცხადებაში. 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას. მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

უწყებაში ასევე შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა.

2019 წელს კი არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის ბრალდებით რამდენიმე  პირი დააკავეს. მათ შორის ბოლო შემთხვევა გუშინ იყო. გორში 14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.

ამავე კატეგორიაში