ფარული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

03 თებერვალი 2019, 00:00 1480 ნახვა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, ერთს კი - პატიმრობა. მოსამართლე მაკა გველესიანმა პროკურატურის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დაკავებულს გამოძიება ყოუტუბე.ცომ-ზე ფარული ჩანაწერის განთავსებას ედავება. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით ირმა ხოროიშვილსა და  სპირიდონ სურამელს  - 10 000 ლარის, ინგა ხოროიშვილს - 2000 ლარის, სერგო ირემაშვილს, გიორგი ფარცვანიას, გიორგი კასრაძეს და ბადრი ჩოფრიანს  5000 ლარის, ოდენობის გირაო შეეფარდათ.

სასამართლოს სხდომა, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ჯამში 17 პირი დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამავე კატეგორიაში