თორნიკე რიჟვაძე განათლების მინისტრს 6 კვირიან ვადას აძლევს

01 თებერვალი 2019, 00:00 12750 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების სამინისტროს განვითარებისა და მუშაობის  ტემპს უწუნებს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროში შეხვედრის დროს განაცხადა. 

თორნიკე რიჟვაძე მინისტრს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა და უთხრა, რომ უწყებაში სიახლეების ნაკლებობაა, საქმიანობაში ნაკლებად არიან ახალგაზრდები ჩართულები და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაციაა სჭირდებათ.

მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო რეფორმებისთვის ემზადება, ამიტომ ინგა შამილიშვილს ურჩია, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს მათთან და 6 კვირაში ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა მოსთხოვა. 

პარალელურ რეჟიმში  მთავრობის თავმჯდომარემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის გაყოფა ​დაანონსა. ცვლილებებით  დამოუკიდებლად შეიქმნება ახალგაზრდული დეპარტამენტი და ახალგაზრდებითვე დაკომპლექტდება. 

იგი პრემიერ მინისტრის პათოსს ეთანხმება, რომ ახალგაზრდები უნდა დარჩნენ რეგიონში და მეტად უნდა იყვნენ ჩართულები საჯარო უწყებების საქმიანობაში. დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვის წარადგენს არ დაუკონკრეტებია. 

შეხვედრის შემდეგ კომენტარი განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს კრიტიკას  ცენტრალურ სამინისტროსთან ნაკლები კომუნიკაციის ნაწილში.  პარალელურად, უახლოეს დროში, საქართველოს განათლების მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა დააანონსა. 

შამილიშვილი ფიქრობს, რომ სამინისტრო კარგად მუშაობს, თუმცა 6 კვირაში სამოქმედო გეგმის შემუშავებას გეგმავს. 

 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი