სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის საქმეებთან იყვნენ დაკავშირებულები.
პოლიციამ 35 წლის პირი სატვირთო ავტომობილის მოპარვის დროს აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, „ფორდ ტრანზიტის“ მოპარვას ცდილობდა.
კიდევ ერთმა დაკავებულმა კი, 19 იანვარს ბათუმში, ჯერ მაიაკოვსკის ქუჩიდან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი მოიპარა, ხოლო შემდეგ წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. ბრალდებულმა მანქანიდან მფლობელის პირადი ნივთები წაიღო.
22 წლის პირმა კი დაბა ჩაქვიდან „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მოიპარა.
''გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-177 და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის მცდელობის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.