პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე აცხადებს, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული მინდია ლავასოღლი ამჟამად ისევ იძებნება. შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლავასოღლი ტრაპიზონში იყო დაკავებული, ამას ქართული მხარეც ადასტურებდა და ექსტრადირებისთვის დოკუმენტაციასაც ამზადებდა.
ამის შემდეგ, პროკურატურის ცნობით იგი თავდებით გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა პირობა დაარღვია და ისევ დააკავეს. ამის საპირისპიროდ ადვოკატი ირწმუნება, რომ ლავასოღლი გუშინ გაათავისუფლეს. მიზეზად კი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლას და 50-დღიანი უკანონო პატიმრობას ასახელებს. ალექსანდრე კობაიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამტკიცებს რომ ქართულმა მხარემ პატიმრის გადმოცემისთვის საფუძვლიანი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. პროკურატურა კი ირწმუნება რომ პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. პროკურატურის ცნობით, თურქეთის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ბოლო წერილობითი ინფორმაციის თანახმად მინდია ლავასოღლი საექსტრადიციო პატიმრობაშია.