ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირთან ასოცირების უმთავრესი კომპონენტია. როს უილსონის თქმით, გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რეფორმის სამი ტალღა გატარდა.
კითხვაზე როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ინსტიტუციის გაჯანსაღება და მისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვება? ელჩი ასე პასუხობს: ''მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის სრულყოფას, მის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა გატარდა. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო ცდილობს დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები, როცა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან დაახლოებაა და მის ნაწილად გახდომის სურვილი, როცა საქართველო ცდილობს შექმნას ღია, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოება''.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით დაფიქსირდება, საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანია.
''ჩვენ მეტად დაინტერესებული ვართ იმ დისკუსიებით, რომლებიც თებერვლიდან განახლდება პარლამენტში. დრო გვიჩვენებს რა პროგრესი ექნება საქართველოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის'' - ამბობს როს უილსონი.
სასამართლო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციებს მართავენ. მესამე სექტორი ''რეალურ ცვლილებებს'' ითხოვს. საკითხი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამტკიცებლად გაეგზავნა. მოსამართლეთა სია მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზიც გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები არ მოსწონთ.