ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლეებს მიმართავენ

23 იანვარი 2019, 00:00 1574 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს პერსონალური წერილით მიმართავენ. მასში  საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

''პატივცემულო მოსამართლეებო,

გადავწყვიტეთ დღეს მოგვემართა თქვენთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შედგება თითოეული თავისუფალი მოსამართლის გარეშე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებამ, წარედგინა 10 მოქმედი მოსამართლე კანდიდატურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, მკვეთრად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას სასამართლო ხელისუფლება. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მოქმედი 294 მოსამართლიდან ისე შეარჩია 10 კანდიდატურა, რომ სხვა მოსამართლეებზე არც კი უმსჯელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად სხვა შესაძლო კანდიდატებზე.

დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას გზაგასაყარზე: ან სასამართლო იქნება შიდა დემოკრატიულ მმართველობაზე დამყარებული, კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში, ან კიდევ უფრო დასცილდება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებს და გაიზიარებს ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებს.

სასამართლოსთან მიმართებაში ყველა ჩვენი მცდელობის ამოსავალი წერტილია ბრძოლა სასამართლოში არაკანონისმიერი გავლენების წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია სასამართლოს შიგნით გავლენების აღმოფხვრა, კეთილისინიდისერი და პროფესიულად ძლიერი მოსამართლეების წარმოჩენა და გაძლიერება. ამრიგად, ჩვენთვის თითოეული კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლე ძვირფასია. ამ გზაგასაყარზე გადამწყვეტია თქვენი არჩევანი. თქვენს მიერ გადაგმული ნაბიჯები სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად, გამოხატული ნებისმიერი ფორმით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ მისწრაფებას.

ამა წლის 26 იანვარს დაგეგმილია მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენცია, რომლის ერთადერთ საკითხად განსაზღვრულია სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა. ამ საკითხთან მიმართებაში მოგმართავთ, რომ დაიცვათ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი; და გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი და ამავე დროს ანგარიშვალდებული სასამართლო.

თუმცა ბევრი თქვენთაგანი შეიძლება იმყოფებოდეს წნეხის, შიდა ცენზურის და თვითცენზურის ქვეშ. შესაბამისად, გვინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმ მოსამართლის უფლებების დასაცავად, ვისთვისაც ინდივიდუალური დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორპორაციული ინტერესი ან ვიწრო ჯგუფის მიმართ ერთგულება.'' წერია პერსონალურ წერილში

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი