დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ბავშვი და ერთი ზრდასრული - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სამი არასრულწლოვანი უკვე იაშვილის კლინიკაში იმყოფება, ერთი მათგანი კი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე წუთში შევა.
იაშვილის კლინიკის ექიმის ვანო ჩხეიძის განცხადებით, სამი პაციენტიდან ერთი 3-4 წლის გოგონაა, რომელსაც თავის ქალას ტრავმა აქვს.
დაშავებულებს შორის არიან ასევე 12 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მედიკოსების განმარტებით, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე.
„სამი ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ორს აქვს მსუბუქი ზედაპირული ჭრილობები, მესამეს მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის, არის ქალას ტრავმა. საბედნიეროდ, არ არის მძიმე დაზიანებები. ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელიც უნდა მოიყვანონ იაშვილის კლინიკაში. მეხუთე დაშავებული არის ღუდუშაურში, რომელსაც მოვინახულებ და ზუსტად მეცოდინება, რა მდგომარეობაშია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.