მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია

16 იანვარი 2019, 00:00 2104 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც "მწვანე კონცხზე"  28 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა ხდება უკანონოდ მიიჩნია.

ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ის საკუთრებაში  20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობისთვის  დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ).

გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს გაუუქმდა საკურორტო-სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2.  ამავე გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე განთავსებული სასტუმროს სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28 სართულს. 


EMC აღნიშნულ საკითხზე საზოგადოება "ბათომის" სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აწარმოებს საქმეს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქის განვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.

"საქართველოს სახალხო დამცველი მწვანე კონცხის განაშენიანების საკითხზე ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიმართ გაცემული რეკომენდაციით იზიარებს EMC-ს პოზიციას და უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ დადგენილებას. კერძოდ, რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. 
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის საკრებულოს, რომ ბათილად იქნას ცნობილი  საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილება და მიიღონ ახალი გადაწყვეტილება საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.  

ნინო ლომჯარია ასევე მიმართავს ბათუმის მერიას მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. 

ხოლო ორივე უწყებას ერთად მოუწოდებს, რომ  ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მომავალში უზრუნველყოფილ იქნას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა. 

ინფორმაციას ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს. 

რეკრეაციულ ზონაში მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ბათუმის მერიის მერიისა და საკრებულო წარმომადგენლები კი ამ გადაწყვეტილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ. 

 

მსგავსი: რატომ ფიქრობს ''ბათომი'', რომ მწვანე კონცხზე ''ქალაქი'' გაშენდება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი