კრიმინალის რაოდენობა იზრდება, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში კრიმინალის რაოდენობა რეკორდული ტემპით 58 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
ამასთან 2017 წელთან შედარებით 19.7 პროცენტით შემცირებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. კლებადობაა ნარკოდანაშაულების შემთხვევაში, მაგრამ ბევრ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით ზრდა შთამბეჭდავია.
მონაცემების მიხედვით ყველაზე ხშირი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი შემთხვევებია და წინა წელთან შედარებით იგი თითქმის ორჯერაა გაზრდილი. რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, განზრახ მკვლელობების რაოდენობა 3 პროცენტით გაიზარდა და 69 შეადგინა.
აქედან გახსნილია 45 შემთხვევა. განსაკუთრებით გაზრდილია ოჯახური ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებების რაოდენობა , აქ ზრდა 123 პროცენტია და 4 418 შემთხვევას შეადგენს.
გახსნის მაჩვენებელი კი 62 პროცენტია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 11 თვეში დაფიქსირდა კიბერდანაშაულის 1051 შემთხვევა, საიდანაც მხოლოდ 10 პროცენტია გახსნილი.