„დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს“ - ეს არის ფრაზა საშობაო ეპისტოლედან, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მედიაში. ჟურნალისტები სვამდნენ კითხვას - რას გულისხმობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. ცნობისთვის სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების დაცვაზე ისაუბრა ახალი წლის მილოცვისას ქვეყნის პრეზიდენტმაც. 31 დეკემბერსვე გაჩნდა კითხვა - ხომ არ იგეგმება ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე - მაშინ მესამე სექტორში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მაღალი სტანდარტის კანონმდებლობა მოქმედებს და კონკრეტული საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.