შემცირებული ინვესტიციები, ახალი რეგულაციები საბანკო სექტორში და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეცვლა – იმ მოვლენების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ეკონომიკურ სფეროში 2018 წელი აღინიშნა. ამასთან, წელსაც მთავარ პრობლემად დარჩა ლარის კურსი და ინფლაცია. სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად გაძვირდა საწვავიც.
დაპირება, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკვე გააცნობიერა და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამს, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღეთ. თუმცა, როგორი იქნება 2019 წელი რთული სათქმელია. მითუმეტეს, რომ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ხალხს ჰგონია, რომ უჭირს, თუმცა ეს ასე არ არის. ამავდროულად, წინ საბანკო-საფინანსო სექტორში ასამოქმედებელი ახალი რეგულაციები გველოდება. მანამდე კი ვნახოთ წელს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები და 2018 წელი ციფრებში.