მშენებელი დაჯარიმდება თუ ნაგებობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ იქნება - კანონპროექტს დღეს განიხილავენ

05 დეკემბერი 2018, 00:00 2581 ნახვა

პარლამენტი ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც მშენებელ კომპანიას სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს, თუ შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე არ იქნება ადაპტირებული. პროექტის განხილვას პარლამენტში დღეს იწყებენ. 

არსებული კანონმდებლობა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლებმა საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, მშენებლობისა თუ შენობის რეკონსტრუქციის დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები გაითვალისწინონ. კანონი ვერც იმას უზრუნველყოფს, ამ მოთხოვნის არ შესრულებისთვის სანქცია განისაზღვროს და ეფექტურად აღსრულდეს. 

ამიტომ პარლამენტის 7 წევრიანმა ჯგუფმა ამ სფეროს დასარეგულირებლად ინიციატივა მოამზადა. პროექტის თანახმად განისაზღვრა საჯარიმო სანქციების ოდენობაც, რომელიც დედაქალაქისთვის გაცილებით დიდია, ვიდრე მაგალითად ბათუმისთვის. 

უფრო კონკრეტულად, ბათუმსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში პირველ გაფრთხილებაზე კომპანია 2000 ლარით დაჯარიმდება, 30 დღეში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშენებელს ორმაგი თანხის გადახდა მოუწევს და ა.შ. 

თბილისში ჯარიმები დიფერენცირებულია და კატეგორიების მიხედვით იყოფა.  

მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; 

მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით; 

მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; 

მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით; 

მუნიციპალიტეტის დასახლებაში, ქალაქში – 1 000 ლარია ჯარიმა, ხოლო დაბებსა და სოფლებში – 500 ლარი. 

ამ კომპონენტს მონიტორინგს ზედამხედველობის სამსახური გაუწევს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტებში მშენებლობას იბარებენ და დამტკიცებულ პროექტთან მის შესაბამისობას ამოწმებენ. თუ აღნიშნული ინიციატივა კანონად იქცევა, მონიტორინგის სფეროს დაემატება შშმ პირებთან ადაპტირებულობის კომპონენტი.

თუ პროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, იგი ძალაში 26 დღეში, 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი