მწვავე არჩევნების შემდეგ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს – ამ სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს სააგენტო Reuters-ი. ინტერვიუში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას სურს, საქართველო დაინახონ არა მხოლოდ რუსული პრიზმით, არამედ როგორც უძველესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს ბევრი რამ შესთავაზოს. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისი მიზანია შეარიგოს საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. მისივე თქმით, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რუსეთის ინტერესებშია.ახლად არჩეული პრეზიდენტი ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი პროფილის ამაღლება საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგობაში დაეხმარება.