გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორშაბათს 3 დეკემბერს შეხვდება. პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება. გიორგი მარგველაშვილმა 3 დღის წინ მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში იქნება, ადმინისტრაციას კი სავარაუდოდ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. მისი თქმით წინადადება ახლად არჩეული პრეზიდენტისგან მიიღო. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.