ქობულეთის 61-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ''თავისუფალი ზონის'' დამკვირვებელმა ერთ-ერთ მოქალაქეს ბლოკნოტი გამოართვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დავით დიღმელაშვილი ამბობს, რომ უბის წიგნაკში მხარდამჭერთა სიები ეწერა. მათ შორის იყო მისი სახელი და გვარიც.
დ.დ: რატომ წერთ სიას?
თქვენ ვინ გეკითხებათ? რა უფლება გაქვთ შეეხოთ ჩემს პირად ნივთს? ვინ გეკითხებათ მე საკუთარ ბლოკნოტში რას დავწერ. თქვენ ხომ არ აჭარბებთ უფლებამოსილებას? სიას არ ვაკეთებ, პირადობას ველოდები დამრჩა და შვილმა უნდა მომიტანოს.
დ.დ: ჩემი სახელი და გვარი რატომ წერია?
ახლა დავწერე დანაშაულია?
დღეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მიკროავტობუსებში მობილიზებული მხარდამჭერები და კოორდინატორები დააფიქსირა, რომლებსაც თან ჰქონდათ სიები.
მსგავსი შემთხვევები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც დაფიქსირდა. მაშინ მესამე სექტორის წევრები ამბობდნენ, რომ ეს იყო მოქალაქეებზე კონტროლის და მათ არჩევანზე ირიბი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.