EMC-იმ და საზოგადოება ''ბათომმა'' საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

27 ნოემბერი 2018, 00:00 1852 ნახვა

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას თხოვს, რომლითაც მწვანე კონცხის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოუხსნეს და საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გამოაცხადეს.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა 2018 წლის 28 სექტემბერს, ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, საინვესტიციო წინადადების სასარგებლოდ კონკრეტული ტერიტორიისთვის სტატუსი შეეცვალათ. ეს ცვლილება  ინვესტორს საშუალებას აძლევს რეკრეაციულ ზონაში ორი 28-სართულიანი კორპუსი ააშენოს.  

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, თანხვედრაში არ მოდის გამწვანებული სივრცის განვითარების ხედვებთან.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

„მწვანე კონცხისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ბათუმის საკრებულომ მიიღო სრულიად საპირისპირო, კონკრეტულ ბიზნესინტერესსა და კომერციულ მოგებაზე მორგებული გადაწყვეტილება. მსგავსი გამოცდილება გვაქვს ბათუმის სანაპირო ზოლის განაშენიანების თვალსაზრისით, სადაც მრავალსართულიანი შენობების მშენებლობამ ხელოვნური კედელი აღმართა ზღვის სანაპიროსა და ქალაქს შორის, რითაც მოსახლეობამ ზღვაზე ხედი, ზღვისპირა ზოლში კი საჯარო სივრცის დიდი ნაწილი დაკარგა“-  ამბობს ეთო გვრიტიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. 

EMC-ის იურისტის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს მიღებული აქტი სადავოა და იგი უკანონოდ ზღუდავს კონსტიტუციის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას.

სტატუსი მწვანე კონცხის სანაპიროსთან მდებარე 20 366 კვ.მ მიწის ფართობს შეეცვალა,სადაც კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ ორ 28 სართულიან მრავალფუნქციურ შენობას ააგებს, სადაც სასტუმროც და საცხოვრებელი ფართებიც განთავსდება. მიწა კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა, მშენებელს ვალდებულებად  931 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება დაეკისრა.  კომპანიამ 4 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. აღნიშნული კომპანია კერძო პირმა ქონების შესყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. 

ახლად დარეგისტრირებული გამოუცდელი კომპანიისთვის ნდობის გამოცხადებასა და სახელმწიფო ქონების გასხვისების ფასზე კითხვები გაუჩნდათ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისში, სადაც აღმოაჩინეს, რომ კერძო ქონების შეძენის შემდეგ კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპის“ დირექტორმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ფული შესწირა.

„კომპანიის დირექტორმა ლერი ბოლქვაძემ 5 000 ლარი გადაურიცხა „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში. კითხვის ნიშანს აჩენს ისიც, რომ კომპანიას არ ჰქონდა თანხა, რომ მწვანე კონცხზე ნაყიდ მიწაში ფული გადაეხადა და დასჭირდა იპოთეკური სესხის აღება „ქართუ ბანკიდან“. ფინანსური რესურსის გარდა, კომპანიას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება ბიზნესსაქმიანობის, იგი ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე კვირით ადრეა რეგისტრირებული. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, ხომ არ არის იმის მცდელობა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს გადასცეს ძალიან იაფად და ძალიან კარგ ადგილას კანონმდებლობის დაცვით, თუმცა გარკვეული რეგულაციების გვერდის ავლით“, - ამბობს მალხაზ ჭკადუა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს კომენტარს არ აკეთებს, რადგან საკრებულოს პრესსამსახურის თქმით, სასამართლოდან ჯერ ინფორმაცია არ მოსვლიათ  და სარჩელს არ იცნობენ. 

​28 სექტემბერს კი საკრებულოს მიღებული გადაწყვეტილება სულიკო თებიძემ "რადიო თავისუფლებასთან" ასე დაასაბუთა: ​„საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და მეც დავეთანხმე. იქ აშენდება 28- სართულიანი შენობა ნაცვლად 45 სართულისა. იქ აშენდება თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სამკურნალო დასასვენებელი ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველაფრით, რაც კი მოსახლეობას სჭირდება“.

 

დეტალური ინფორმაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის  განცხადებას გაეცანით აქ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი