''წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ძალადობრივი ქმედება საარჩევნო გარემოს ჩრდილს აყენებს '' - მესამე სექტორის შეფასება

27 ნოემბერი 2018, 00:00 1816 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა როგორც ძალადობის და ფიზიკური დაპირისპირების ასევე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები - სამი არასამთავრობო ორგანიზაცია  წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ბრიფინგი მესამე სექტორის ხელმძღვანელებმა მედიაცენტრში გამართეს.

''პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები - ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. ხოლო მეორეს მხრივ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეორე ტურის შემდგომ, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ''ქართული ოცნების'' ხელისუფლება დასრულდებოდა. 

მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენდა, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მათი მხრიდან ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და აღნიშნული საზოგადოებრივი ჯგუფების წინასაარჩევნო გზავნილები მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია'' - განაცხადა მიხეილ ბენიძემ ბრიფინგზე.

მესამე სექტორის წევრები ამბობენ, რომ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყოს მიუკერძოებელი და სრულყოფილი.

''მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტიურად შემაშფოთებელი სახე მიიღო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევებმა. ზეწოლა ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებზე და სხვადასხვა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზეც და ასევე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, წარსულში ნასამართლევ პირებზე. მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ემუქრებოდნენ. 

მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუქარა ხორციელდებოდა ''ქართული ოცნების'' მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართაც, რაც ბუნებრივია მიუღებელია'' - განაცხადა ''სამართლიანი არჩევნების'' ხელმძღვანელმა. 

მესამე სექტორი სოციალურ ქსელში მათ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა. მათი თქმით, მსგავსი ქმედებები არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი