''საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, ''აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა“, "მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებს" - ამ შინაარსის ბანერებით, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებმა, ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
პანელზე, სადაც ქალთა უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ, მსნენელებმა მსოფლიო დელეგაციებს მაია ოთანაშვილის გატაცების ფაქტიც შეახსენეს.
დარბაზში სიტყვით პიანისტი დავით ალადაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და ბავშვების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში 19 ნოემბერს გაიხსნა და ის დღეს დასრულდება. მთავარი თემა გენდერული თანასწორობა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდაა.
ფორუმს 47 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელები.