გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო - წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყებაში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა იგეგმება.
''2018 წლის 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება'' - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობს.
მესამე სექტორის წევრებმა დღეს ბრიფინგზე თქვეს, რომ ყალბი პასპორტების დამზადება მიმდინარეობს. ინფორმაცია კი მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.