შესაძლოა მომავალი წლიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს. ეს იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დავით მამისეიშვილს მხარს დაუჭერს და თბილისში გადაიყვანს. იგი მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობს და თბილისის საქალაქო სასამართლოში, ან სააპელაციო სასამართლოში სურს გადასვლა. მან გასაუბრება უკვე გაიარა. მამისეიშვილს დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია.
სატელეფონო საუბრისას კი გვითხრა, რომ მიზეზი ოჯახი და პროფესიული ზრდაა. მხარდაჭერის, ანუ მამისეიშვილის თბილისში გადასვლის შემთხვევაში ბათუმში პოზიცია თავისუფალი გახდება, იუსტიციის საბჭო ახალ თავმჯდომარეს ბათუმის მოსამართლეებს შორის შეარჩევს.
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ, ასევე თამარ ბეჟანიშვილი, ჯუმბერ ბეჟანიძე და ირაკლი შავაძე. ბეჟანიშვილს ხელვაჩაურში სურს გადასვლა, ბეჟანიძეს ბათუმში უვადოდ დარჩენა, შავაძეს კი ბათუმსა და ქობულეთში გამწესება.
ცნობისთვის, კონკურსში მონაწილეობს ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილიც, მას მითითებული აქვს, რომ სურს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამწესება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უკვე გაიარა 76-მა კანდიდატმა, დარჩენილია ინსტანციის შეცვლის, ან გამწესების მსურველი 11 კანდიდატი.
სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციაში სულ 43 ადგილია ვაკანტური. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი სავარაუდოდ წლის ბოლომდე გახდება, ასე რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, სავარაუდოდ მომავალი წლიდან ბათუმის სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება.