ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ

16 ნოემბერი 2018, 00:00 2882 ნახვა

''გადავარჩინოთ სიცოცხლე'', ''ვერ გადაიტანს'', ''არა წამებას'', ''მიიღე სამართლიანი გადაწყვეტილება'' -  ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას და პატიმრის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომ იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

''ჩემი შვილი ამჟამად ციხეში ძალიან ცუდ პირობებში, არ შეუძლია გადაადგილება.  ვთხოვ მთავრობას დამიბრუნოს შვილი, მას არაფერი დაუშავებია. ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს. ვთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება. დამიბრუნეთ ჩემი ავადმყოფი შვილი'' - ამბობს -  მზევინარ აბაშიძე

ოჯახის წევრების თქმით, მშვიდობიანი პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება. 

''არ გავჩერდებით. აქციები კიდევ გაიმართება. ხვალ ორჯერ მეტი ვიქნებით. ყველა ხერხს მივმართავთ, რომ იმედა გადავარჩინოთ. მიიტანონ გულთან ჩვენი გაჭირვება. ციხეში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ნინო აბაშიძემ, რომელიც იმედა აბაშიძის მეუღლეა. 

პატიმრის ადვოკატი ამბობს, რომ აქვთ სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც აბაშიძეს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა აქვს და შესაძლოა ''ამ დაავადებების ფონზე მდგომარეობა ფატალურად დასრულდეს''. სასამართლო კი აღნიშნულ დასკვნას არ ითვალისწინებს. 

იმედა აბაშიძე რამდენიმე თვის წინ დააკავეს, 2 ოქტომბერს კი სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიება მას და კიდევ 9 პირს ქურდული სამყაროს წევრობას და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას ედავება.  ისინი სამართალდამცველებმა 18 ივლისს აიყვანეს. ასევე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე ''ლავასოღლს'', რომელიც 25 ოქტომბერს ტრაპიზონში დააკავეს. 

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი