საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, ცდილობდა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაეტანა არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი.
„ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა განხორციელებულიყო 21 ტონა ყურძნის გადაზიდვა, თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილით განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 90 180 კოლოფი უცხოური წარმოების უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება ხდებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 234 468 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.