აუდიტი: აჭარის ბიუჯეტიდან დანამატებზე 2 მილიონ 983 ათასი დაუსაბუთებლად იხარჯება

13 ნოემბერი 2018, 00:00 2181 ნახვა

2017 წელს, აჭარაში სამი სამინისტროს - განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის თანამშრომლებმა, გასულ წელს დანამატის სახით მილიონ 347 ათასი ლარი მიიღეს. აჭარის მთავრობამ და მთავრობასთან არსებულმა ორგანიზაციებმა კი, საერთო ჯამში, მილიონ 636 ათასი ლარი, შრომითი ანაზღაურებისა და პრემიების პარალელურად, დანამატებისთვის გასცეს.

დასკვნაში წერია, რომ თანხები დასაბუთების გარეშე, მხოლოდ კანონით განსაზღვრული მუხლის მითითებით გაიცემოდა. აჭარის აუდიტი მიიჩნევს, რომ არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო ფინანსების  გაცემის სათანადო გამჭვირვალობას. 

აუდიტის სამსახური წერს, რომ დანამატი უნდა გაიცეს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, თუ პირმა იმუშავა "არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში".  ან დასაქმებულმა უნდა შეასრულოს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა. 

აღმოჩნდა, რომ აჭარაში მთავრობასა და სამინისტროებში თანამშრომლებმა 2 მილიონ 983 ათასი ლარი გამოიმუშავეს ღამის ცვლაში, არასამუშაო საათებში, გამოვიდნენ სპეციალურად სამუშაოდ დასვენების დღეებში და შეასრულეს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმე, თუმცა, უწყების ხელმძღვანელს ბრძანებაში არ დაუწერია, რომელ დღეებში იმუშავეს ამ თანამშრომლებმა, რატომ ან რა განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო მისია შეასრულეს. ამიტომაც, აუდიტის სამსახური რეკომენდაციას გასცემს, რომ ყველა ბრძანება იყოს დასაბუთებული და სახელობით გაცემულ დანამატზე მიეთითოს რისთვის მისცეს ხელმძღვანელი კონკრეტულად განსაზღვრულ თანხას, კონკრეტულ თანამშრომელზე. 

აჭარის მაუწყებელმა აუდიტის სამსახურის დასკვნა შეისწავლა, რომელიც  ოთხივე სამინისტროს და მთავრობის დანამატებს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში დანამატები  სისტემატურად გაცემა. ბოლო სამი წლის მონაცემებით იგი აქტიურად გაიცემა თითქმის ყველა უწყებაში (წელს აუდიტის სამსახურის დასკვნაში არ წერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ ტიპის ხარჯი)  და ყველგან დასაბუთების გარეშე.  

განსხვავებულია მხოლოდ ციფრები. დასკვნა და რეკომენდაცია კი ყველა უწყებისთვის ერთი და იგივეა, თუმცა აუდიტის რეკომენდაცია არც ერთ უწყებას არ გაუთვალისწინებია. ფაქტია, წლების განმავლობაში ერთი და იგივე საკითხი ხვდება დასკვნაში. 

2017 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დანამატის სახით გაცემულია 615,831 ლარი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 401,912 ლარი წარმოადგენს დანამატს, რომელიც გაცემულია სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანამატის სახით 329,270 ლარი გაიცა.

დანამატებისთვის ყველაზე მეტი თანხა, აჭარის მთავრობამ დახარჯა. 1,170,459 ლარი - პრემიის სახით, ხოლო 1,636,181 ლარი - დანამატის სახით. 

აუდიტის სამსახური უწყებებს რეკომენდაციით მიმართავს, შემუშავდეს და პრაქტიკაში დაინერგოს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დანამატის სახით გაცემული სახსრების გამჭვირვალობასა და დასაბუთებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი