2019 წელს აბიტურიენტები ოთხ გამოცდას შეცვლილი ტესტებით ჩააბარებენ

12 ნოემბერი 2018, 00:00 2315 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ნაწილობრივ იცვლება. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს აბიტურიენტები ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ. 

მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში დავალებების რაოდენობა მცირდება, ოთხის ნაცვლად 3 დავალება რჩება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა).

წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება წაკითხულის გააზრება, მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა.

საგამოცდო ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 80 ნაცვლად 70 ქულიანი იქნება. დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და 3 საათი და 45 წუთი გახდება.

ერთი დავალებით ნაკლების შესრულება მოუწევთ აბიტურიენტებს, უცხო ენის გამოცდაზეც, სადაც მეშვიდე არჩევითპასუხებიანი დავალება ამოღებულია. ტესტით გრამატიკის ცოდნა მოწმდებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრამატიკის ცოდნა წერითი დავალებების საშუალებით დადგინდება.

ტესტის მაქსიმალური ქულა 80 იქნება, საგამოცდო დრო კი 10 წუთით ნაკლები - 2 საათი და 30 წუთი. 

ცვლილებებია ლიტერატურის გამოცდაზე. ​ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი. 

რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდას, ლიტერატურის მსგავსად ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი. 

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.

დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ლინკზე: https://naec.ge/#/ge/post/1840

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი