კითხვები, რომლებიც ირაკლი შავაძეს დღეს გასაუბრებისას დაუსვეს და კანდიდატის პასუხები

09 ნოემბერი 2018, 00:00 1724 ნახვა

დათბა თუ არა ურთიერთობები დავით მამისეიშვილთან, კოლექტიურ მურუსიძეებში,  კლანში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გულისხმობდით თუ ვინმე სხვას? რამდენად სწორია კოლეგას კლანის წევრი უწოდო? თქვენი დაწერილია თუ არა სტატუსები სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე და მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეზე - ეს არის კითხვები, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე გასაუბრებისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ირაკლი შავაძეს დაუსვეს. 

ცნობილია, რომ ირაკლი შავაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. იგი დავით მამისეიშვილს ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებდა.

ირაკლი შავაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად წერდა სტატუსებს, რაც დღეს საბჭოს წევრების ინტერესის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. მისი თქმით,  სტატუსები არც წაუშლია და არც მის უარყოფას აპირებს. კოლექტიურ მურუსიძეებზე და კლანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს შავაძემ დღეს არ უპასუხა. 

„გარკვეულწილად შევეცადე ამეხსნა ჩემს მიერ დაწერილი სტატუსები. არც უარყოფას ვაპირებ, რომ მე დავწერე. უფრო მეტს გეტყვით, როცა გავიგე, რომ საბჭოს ჰქონდა ამაზე წვდომა, არ წამიშლია. ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი. შემეძლო წამეშალა და დღეს უარყოფა გამეკეთებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ვარ კეთილსინდისიერი ადამიანი. თავის დროზე რაც ვთქვი, ვამბობ, რომ ვთქვი. რამდენად სწორად ვთქვი, ეს შეფასების ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი შავაძემ. 

ირაკლი შავაძის მიმართ დასმული შეკითხვების შინაარსით გაკვირვებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, ასე ესაუბრებიან ისეთ კანდიდატებს, რომელებიც საბჭოს წევრებს არ მოსწონთ.

„დღეს ვნახეთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს გაერჩიათ სხვა მოსამართლის ფეისბუქ პოსტები, რაც ვფიქრობ, შეუსაბამოა გასაუბრების ფორმატთან და მიზანთან. ვიცით რა ფონიც ახლავს შავაძის საქმეს. ვიცით რა დამოკიდებულება ჰქონდა თავმჯდომარეს, სადაც ის მუშაობს და რა დამოკიდებულება ჰქონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. როდესაც საბჭოს წევრები სვამენ კითხვებს ფეისბუქ პოსტებზე, საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ასეთი პრაქტიკა სხვა მოსამართლეზეც იყო და ის არ დაინიშნა თანამდებობაზე“, - განაცხადა ნაზი განეზაშვილმა

იყო თუ არა ირაკლი შავაძის ფეისბუქ განცხადებებში დისციპლინური გადაცდომა ან ეთიკის ნორმების დარღვევა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ წინასწარ განმარტებას ვერ გააკეთებს რადგან გასაუბრებები ჯერ ისევ მიმდინარეობს. 

„ასეთ კითხვებს ბატონი ირაკლის გარდა სხვებსაც დავუსვამთ, თუ საბჭოს წევრს ამ კითხის დასმის საფუძველი ექნება. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში გვაქვს ვალდებულება, რომ შევაფასოთ კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას მათ შორს ერთ-ერთი მახასიათებელია მოსამართლის ქცევა, დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. ასევე ის განცხადებები, თუ საქციელი, რომელსაც ის გამოავლენს სხვა მოსამართლეებთან ურთიერთობაში, მხარეებთან ურთიერთობაში. როდესაც ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის, რომ დავსვათ კითხვა, იყო თუ არა კორექტული ის საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთებისას, ჩვენ ვალდებული ვართ ეს კითხვები დავსვათ“, - განაცხადა მიქაუტაძემ. 

იმ შემთხვევაში თუ ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერას მიიღებს, ის ბათუმში ან ქობულეთში უვადო მოსამართლედ განმწესდება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი