საქართველოს ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ოპოზიციის აგრესიული რიტორიკით, ტყუილი და უპასუხისმგებლო განცხადებებით არის გამოწვეული.
''სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ლარი დღეს რა ნიშნულზეც არის, არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. იმ არასტაბილურობის განცდით, რაც მოიტანა იმ რიტორიკამ და იმ სიბინძურემ, რომელსაც უტიფრად ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები. მე მიმაჩნია რომ ეს არის“, – უთხრა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრის განმარტებით, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ეკონომიკაში და ვისაც ნამუსი შერჩენია, მიხვდება რომ პროცესები მთავრობის ნაბიჯებთან და ფისკალურ პოლიტიკასთან კავშირში არ არის.
''ერთი მხრივ, გვაქვს პროფიციტი და გვედავებიან, რომ თქვენ არ გაქვთ დახარჯული და მეორე მხრივ, ლარი გააუფასურეთ თქვენო. მათემატიკურად არის შეუძლებელი. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგად არისო, ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ და ზუსტად ასეთი უპასუხისმგებლობის გამოა ეს გამოწვეული“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრი ირწმუნება, რომ ლარი გამყარდება.
''ჩემი სიტყვები შეგიძლიათ გადაამოწმონ არამარტო იმ ექსპერტებთან, რომლებმაც ეს იარლიყი მიიწებეს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სავალუტო ფონდი გაგონილი გექნებათ, არის ასეთი ორგანიზაცია, მიბრძანდით, ჰკითხეთ – რა მდგომარეობაშია ეკონომიკა, რა პროგნოზებია საქართველოსთან და მეზობლებთან დაკავშირებით'' - განაცხადა მინისტრმა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7505 იქნება.