"ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს" - უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლფგანგ იშინგერის სიტყვა

02 ნოემბერი 2018, 00:00 2024 ნახვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის წევრებს მიმართა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დიდ ინტერესებზე და ამ აუზის ქვეყნებისთვის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. ვოლფგანგ იშინგერმა თქვა, რომ ამის პარალელურად ნატოს  გაუბედავი სტრატეგია აქვს წარმოდგენილი. 

"ბოლო წლების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ თქვენი რეგიონის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შავი ზღვის რეგიონი ევროპის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი წყალგამტარია.

ის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობებში და მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

რუსეთი დიდ ინტერესს გამოხატავს ამ რეგიონის მიმართ.  ჩვენ უკვე ვიხილეთ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. უფრო მეტიც, 2014 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და შემდგომი კონფლიქტური სცენარები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს.

რუსეთის გავლენა, ასევე, ნეგატიურად აისახება დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე. მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, რათა წინ აღუდგეს ამ რეგიონებში ნატოსა და აშშ-ის როლის გაძლიერებას. მე ასევე ველოდები, რომ რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ასევე განაგრძობს ძალისხმევას სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში.  

ყოველივე ამის ფონზე, ნატოს საკმაოდ გაუბედავი სტრატეგია აქვს წარმოდგენილი. ბოლოს ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე წარმოჩნდა შავი ზღვის ახალი სტრატეგიის წარმოების საჭიროება.

ნატოს წარმომადგენლობა ამ რეგიონში საჭიროებს განახლებას. აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის არსებული უსაფრთხოების დაუბალანსებელი მდგომარეობის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის რისკს, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს ნატოსთვის მოწყვლად ზონად.

ყოველივე ამის შუაგულში არის საქართველო, რომელმაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ განახორციელა უამრავი წარმატებული რეფორმა და წარმატებით თანამშრომლობს ნატოსთან.

ქალბატონებო და ბატონებო, დროა შევიმუშაოთ კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ნატოში მომავალი წევრობისთვის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს, კონკრეტული გზამკვლევის და წინსვლის გეგმის გარეშე, ეს არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას ავნებს, არამედ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ" - განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი