განახლებული: ბათუმი და ქობულეთი სალომე ზურაბიშვილმა წააგო - აჭარის ყველა ოლქის მონაცემი

29 ოქტომბერი 2018, 00:00 7990 ნახვა

აჭარაში, წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, 6 მუნიციპალიტეტიდან 50 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ქედაში გადალახა. 

ბათუმსა და ქობულეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან არჩევნები წააგო. 

უფრო კონკრეტულად, სამ მუნიციპალიტეტში - ხულოში, შუახევში და ქედაში სალომე ზურაბიშვილმა უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო ვიდრე "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, თუმცა ხმების ნაწილი "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წაართვა.  

ბათუმში 102-დან 80 უბნის შედეგები ასე გამოიყურება - ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილი დაამარცხა. 17 677 ბათუმელმა გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი - 45%-მა. სალომე ზურაბიშვილის მომხრე კი 12 990 მოქალაქეა და 33% მეორე ადგილზეა. მესამე პოზიცია ბათუმში დავით ბაქრაძე უჭირავს.  

ხელვაჩაურში 46 უბნიდან 45 "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მოიგო და ხმათა ყველაზე დიდი ოდენობა დააგროვა. 

(განახლება: 46-ე უბნის დათვლის შემდეგ, ვაშაძემ 40.1% ხოლო ზურაბიშვილმა 40.5%მიიღო და მოიგო ხელვაჩაურის ოლქი).

წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძესთან 193 ხმით დამარცხდა მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი. 

ოლქის 65 უბნის ოქმებით 43 %-ი გრიგოლ  ვაშაძეს, 42% კი  სალომე ზურაბიშვილს ერგო. 

8%-მა  მხარი "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დავით ბაქრაძეს დაუჭირა, 3% შალვა ნათელაშვილს. 

მოგებულ მუნიციპალიტეტებს, შედეგები ასე გამოიყურება: 

 

აჭარაში ერთადერთი რაიონი, სადაც სალომე ზურაბიშვილმა 50% ბარიერი გადალახა ქედაა.  მუნიციპალიტეტი, სადაც ​ საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველი ყველაზე აქტიური იყო. მისული მოქალაქეების 50.6% დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერია. მეორე და მესამე ადგილებზე აქაც ვაშაძე და ბაქრაძეა.  

შუახევში დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის ხმების ჯამი, აღემატება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რაოდენობას. ზურაბიშვილს შუახევში 47.06%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ერთად 47.86% მოაგროვეს.  ასევე, ამავე ოლქში, სხვა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯამში 431 ადამიანის ხმა მიიღო.

ხულოს ​#84-ე ოლქის მონაცემებითაც ხმათა რაოდენობა აქაც სამ კანდიდატზე გადანაწილდა:
"გაერთიანებული ოპოზიციამ" 3 ათას 801 ხმა - 29 ,7 %, "ევროპულმა საქართველომ"  2 ათას 144 ხმა -16, 8 %, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 6 ათას 349 ხმა, ანუ 49, 6 % მიიღეს. 

 

 

 

 

 

 

 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი